საზოგადოება
30/08/2023

შოვში სტიქიით გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ

შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ, - აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელზეც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. 
 
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. 
 
აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში. 
 
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 
Businesspartner