საზოგადოება
17/01/2023

შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - საქართველოს ბანკის დასაქმების პროგრამა "ლიდერატორზე" მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, წელს სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეშვიდე ნაკადის მიღება დაიწყო.

საქართველოს ბანკი იწვევს III-IV კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, აირჩიონ მათ ინტერესებსა და მიზნებზე მორგებული 13 პროგრამიდან ერთ-ერთი, მიიღონ მონაწილეობა პროექტში და პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კარიერა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის გუნდში განაგრძონ.   

„ლიდერატორის“ ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები, დააგროვონ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, მიიღონ მენტორისგან დავალებები, რჩევები და მუდმივი უკუკავშირი, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

უფრო მეტიც, პროგრამა სტუდენტებს სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკსა და ანაზღაურებას სთავაზობს.

„ახალგაზრდა ლიდერების მოზიდვა, თითოეული მათგანის პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობით უზრუნველყოფა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. ამ კუთხით, „ლიდერატორის“ მთავარი უპირატესობაა ის, რომ პროგრამა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარები, პროფესიონალებთან ერთად იმუშაონ ახალ იდეებზე, გამოსცადონ საკუთარი თავი როგორც სხვადასხვა მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პოზიციაზე და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ.

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას და მიზნად ისახავს, მისცეს მათ შესაძლებლობა, დააგროვონ ღირებული ცოდნა და გამოცდილება, დასაქმდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“,- ამბობს საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტი “ლიდერატორი“ 2017 წლიდან ხორციელდება და მასში უკვე 295-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 91%-მა კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.

“ლიდერატორის“ ფარგლებში თითოეული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს Leaderator.bog.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი.