საზოგადოება
27/03/2023

სემეკი GWP-ის ტარიფებს გადახედავს

წელს, წლის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია წყალმომარაგების ტარიფებს გადახედავს.

წყალმომარაგების სექტორში სამწლიანი ტარიფებია დადგენილი, რომელსაც ვადა წელს ეწურება. მათ შორის გადაიხედება კომპანია GWP-ის ტარიფი.

კითხვაზე, საჭიროდ მიიჩნევს თუ არა კომპანია ტარიფის ზრდას, GWP-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა-შემცირება პირდაპირ არის დამოკიდებული, თუ რა სახის ინვესტიციები გაკეთდება სამომავლოდ.

„ჯერ ხდება შეთანხმება ინვესტიციების მოცულობაზე და ინვესტიციების მოცულობიდან და სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, ტარიფი არის საბოლოო შედეგი. მთავარი არის ის, რა სახის ინვესტიციები გაკეთდება, რა არის ქსელისთვის საჭირო, რაზე შევთანხმდებთ - რა რომელ პერიოდში უნდა გაკეთდეს და ა.შ. ქალაქის სტაბილური წყალმომარაგება და ქსელისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უმთავრესია“ - აცხადებს ირაკლი ბაბუხადია „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, წყალმომარაგების სექტორში ესპანური Aqualia-ს შემოსვლას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

„Aqualia არის როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში წყლის კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საჭირო იყო, ეს არის Aqualia-ს მხრიდან საინჟინრო ცოდნის შემოტანა და უცხოურ ინვესტიციებთან წვდომა. კომპანიის სტრატეგიული და ხანგრძლივი განვითარებისთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, Aqualia-ს კონტრიბუცია ამ მხრივ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“ - აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.

შეგახსენებთ, Aqualia-მ თბილისის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი GWP ერთი წლის წინ შეისყიდა. კომპანიის 80%-იანი წილის სანაცვლოდ ინვესტორმა $180 მილიონი დოლარი გადაიხადა. მთლიანობაში GWP-ის აქტივების ღირებულება 225 მილიონი დოლარია. Aqualia 2025-2026 წლებში კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვასაც გეგმავს.

Businesspartner