სებასტიან მოლინეუსი: საქართველო პირველ ადგილზეა საჯარო ფინანსების მართვის სისტემით
საქართველო დღეს პირველ ადგილზეა განვითარებადი ბაზრებისა და ქვეყნების რეიტინგში თავისი საჯარო ფინანსების მართვის სისტემით და 2016 წლის მეთოდოლოგიის გამოყენებით, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიშების პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, ეს უდავოდ შთამბეჭდავი მიღწევაა და დასტურდება სხვა საერთაშორისო კვლევებითაც, მაგალითად, „ღია ბიუჯეტის ინდექსით“, სადაც საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ნიშნით.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მუდმივად აუმჯობესებს შედეგებს.
„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ასეთ წარმატებულ შედეგებს ვხედავ. პრინციპში, 2018 წლიდან ძალიან ძლიერი წინსვლის მომსწრენი ვართ. 15 მიმართულების ნაცვლად, უკვე 27 შემთხვევაშია უმაღლესი (A) შეფასება. ჯამში, 31 მიმართულებაა. ეს შედეგი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გაუმჯობესების მანიშნებელია. წელს, სიახლის მომსწრენიც გავხდით, რადგან გენდერული ასპექტები მოვარგეთ ამ ინსტრუმენტს და საჯარო ფინანსების მართვის სისტემა ამ ჭრილშიც შევაფასეთ საქართველოში. ამ სფეროში წინსვლას რომ ვაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ ოდნავ მეტი სამუშაოს შესრულებაა საჭირო და სიამოვნებით ვაგრძელებთ ძლიერ პარტნიორობას ფინანსთა სამინისტროსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორებს, განსაკუთრებით, ევროკავშირს და სხვებს ამ ანგარიშზე მუშაობის კონტექსტში, ასეთი ძლიერი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
PEFA-ს შეფასებით, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს 59 ქვეყანას შორის. სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების შედეგების მიხედვით, წარმოდგენილი 31 ინდიკატორიდან 27 გაუმჯობესდა ან შენარჩუნდა 2018 წლის შეფასებასთან შედარებით.
საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიშები მსოფლიო ბანკმა ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა.