საზოგადოება
18/05/2023

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ქონების დაზიანებაზე ჯარიმები მკაცრდება

ივნისიდან ვანდალიზმის შემთხვევებზე ჯარიმები მკაცრდება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარით ან ხუთ დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით განისაზღვრება.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანების ან განადგურების შემტხვევაში მოქალაქე  მხოლოდ იმ შემთხვევაში ჯარიმდებოდა  თუ განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატებოდა. ცვლილებების მიხედვით კი დაზიანებული ნივთის ღირებულება    გასათვალისწინებელი ფაქტორი აღარ იქნება და ნებისმიერი ღირებულების ნივთის  დაზიანების შემთხვევაში, მოქალაქეს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ  ორი დღის წინ თბილისის მერმა ახალი აპლიკაციის FIX Tbilisi-ს პრეზენტაცია გამართა. აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ვანდალიზმის ფაქტი დააფიქსიროს და რეაგირებისთვის მერიის შესაბამის სამსახურებს გადაუგზავნოს.

Businesspartner