სატრანსპორტო საშუალებით ე.წ. ბასლეინებში მოძრაობა ისევ არ ჯარიმდება -მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით,პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში,დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.
„დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან.
ქალაქის მასშტაბით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის, მისი განვითარების კრიტიკულ მნიშვნელობას და იმ პოლიტიკის ჭეშმარიტებას, რომელსაც თბილისის მერია ატარებს.
გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე განაახლებს“-ნათქვამია განცხადებაში.