"საპილოტე რეჟიმში სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე სამართლიანი ტარიფისა და ფასის დადგენა დავიწყეთ"
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გადახედვის შესახებ სამედიცინო სექტორთან კონსულტაციები გრძელდება.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, საპილოტე რეჟიმში დაწყებულია ე.წ სამართლიანი ტარიფებისა და ფასის დადგენის პროექტი.
"ტარიფებთან დაკავშირებით აქტიური შეხვედრებია, როგორც ჩვენთან სამინისტროში, ასევე მის გარეთაც. საპილოტე რეჟიმში ასევე დაწყებული გვაქვს სამართლიანი ტარიფისა და ფასის დადგენა სხვადასხვა სამედიცინო სერვისსა და მომსახურებაზე. ამაში აქტიურად არიან ჩართულები თავად კლინიკების მენეჯმენტის წარმომადგენლები. ამ საპილოტე პროგრამის ანალიზის საფუძველზე გვექნება DRG სისტემის დანერგვის შესაძლებლობა",- განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სისტემა სერვისების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასასვლელად უკვე რამდენიმე წელია ემზადება. საუბარია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების, ანუ DRG მეთოდზე, რომელსაც საერთაშორისო დონეზე არაერთი ქვეყანა აქტიურად იყენებს.
DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.