საპატიო კონსულების შესაძლებლობები, როგორც დიპლომატიური რეზერვი, რომელსაც მაქსიმალური ყურადღება ესაჭიროება
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბოლო დროს, ადრინდელთან შედარებით, მეტ ყურადღებას უთმობს საპატიო კონსულების ინსტიტუტის გაძლიერების ამოცანას. ფაქტია, ამ ინსტიტუტის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, დამატებითი ეფექტის მომტანი იქნება, მათ შორის სახალხო დიპლომატიის განვითარების, ასევე, ეკონომიკური, კულტურული და სპორტული კავშირების გაღრმავებისმიმართულებით.
2022 წლის ნოემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ფორუმზე, რომლის მთავარი თემაც „ეკონომიკური დიპლომატია“ იყო, განაცხადა, რომ საპატიო კონსულების ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, სამინისტრო გეგმავდა ახალი პროგრამის შემუშავებას საქართველოს საპატიო კონსულებისთვის. ითქვა, რომ ამ პროგრამის ამოცანა იქნებოდა მათთვის საქართველოს უფრო ახლოდან გაცნობა და ამით ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა, კონსულებისთვის მეტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის პრიორიტეტების შესახებ.
როგორც ჩანს, სულ ახლახანს, ბათუმში გამართული, უცხო ქვეყნებში საქართველოს საპატიო კონსულების ყოველწლიური შეკრებაც ამ ინსტიტუტის გაძლიერების კონტექსტში უნდა იქნას აღქმული.
საპატიო კონსულთა ბათუმურ კონფერენციაზე (10-11 სექტემბერი 2023), რომელსაც საქართველოს ორმოცზე მეტი საპატიო კონსული დაესწრო, გაიმართა თემატური პანელები. პრეზენტაციები და დისკუსიები პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, საზღვაო სფეროს განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში შესაძლებლობათა გაფართოების საკითხებს დაეთმო.
საქართველოს საპატიო კონსულების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება. მათი ძირითადი საქმიანობაა - საქართველოს პოპულარიზაცია, მონაწილეობა სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის წახალისების თვალსაზრისით.
დღეისათვის საქართველოს 65 ქვეყანაში 90 საპატიო კონსული ჰყავს.
ვინ არიან საპატიო კონსულები? – საპატიო კონსულების პრაქტიკა ფართოდ აპრობირებულია თანამედროვე მსოფლიო დოპლომატიაში. როგორც წესი, ქვეყნები საპატიო კონსულები ძირითადათ ინიშნებიან იმ ქვეყნებში, სადაც მათ საელჩოები არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და სპორტული კავშირები. როგორც წესი, საპატიო კონსულებად ინიშნებიანსაქმიანი წრეების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, რომლებსაც წარმომადგენელ ქვეყანასთან გარკვეული ურთიერთობები აქვთ. ისინი საკუთარი ხარჯებით ეწევიან დიპლომატიურ საქმიანობას და სანაცვლოდ დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობენ.
2023 წელს საქართველოს საპატიო კონსულების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა, კერძოდ, საპატიო კონსულები დაინიშნნენ პოლონეთში, აშშ-სა და ხორვატიაში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საპატიო კონსულების კონფერენციის ჩატარების პრაქტიკა, 2022 წელს, მინისტრ ილია დარჩიაშვილის ინიციატივით აღდგა. მაშინ კონფერენციას კახეთმა უმასპინძლა და სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა ღვინის ინდუსტრიაზე და საქართველოს მაღალ საექსპორტო შესაძლებლობებზე ღვინის პროდუქციის მხრივ.
წლეულს, ბათუმურ კონფერენციაზე, ცალკე სამუშაო სესია დაეთმო აჭარის შესახებ პრეზენტაციას, სადაც საპატიო კონსულები გაეცნენ აჭარის ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს და მიიღეს ინფორმაცია ბათუმის, როგორც ოთხსეზონიანი კურორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სანაოსნო შესაძლებლობებსა და ბათუმის საზღვაო პორტის განვითარების პერსპექტივებზე.
სამინისტროში მიაჩნიათ, რომ კონფერენცია არის მნიშვნელოვანი მექანიზმი საპატიო კონსულების ინსტიტუტის გაძლიერებისა და იმისათვის, რომი იგი უფრო ქმედითუნარიანი გახდეს და მორგებული იყოს ქვეყნის საჭიროებებს. „კონფერენცია არის კარგი საშუალება საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისათვის, ასევე, საპატიო კონსულების მაქსიმალური ინფორმირებისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და მათი ჩართულობისა და რესურსების გამოყენებისთვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
ცნობისთვის, საპატიო კონსულების საქმიანობასთან, სტატუსთან, იმუნიტეტებთან და პრივილეგიებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციით „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“, სადაც საპატიო კონსულების რეგულაციებს ცალკე თავი ეთმობა. კონვენცია აწესებს მინიმალურ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა კონვენციის ხელისმომწერი ყველა მხარისათვის. ამასთან, კონვენცია არ ზღუდავს მონაწილე ქვეყნებს, დააწესონ განსხვავებული რეგულაცია და შიდა კანონმდებლობა, რამაც, შესაძლოა, საპატიო კონსულს მიანიჭოს იმაზე მეტი პრივილეგია, ვიდრე ეს კონვენციითაა განსაზღვრული.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საპატიო კონსულის დანიშვნა და საქმიანობა არ არის ცალმხრივი პროცესი და მოითხოვს როგორც წარმგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებას. აქედან გამომდინარე, საპატიო კონსულისადმი დამოკიდებულება საწყის ეტაპზევე იკვეთება, რაც შემდგომში აიოლებს კონსულის საქმიანობას.
„რაც შეეხება საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის მონიტორინგის ელემენტს - საპატიო კონსულები ყოველი წლის დასაწყისში წარადგენენ საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც განიხილავს სამინისტროში მოქმედი საპატიო კონსულების საქმიანობის საკოორდინაციო საბჭო. ანგარიშებზე და საქართველოს მისიების და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსაზრებებზე დაყრდნობით, მზადდება საპატიო კონსულის საქმიანობის შეფასება, ასევე, საჭიროებისამებრ, გაიცემა ინსტრუქცია საპატიო კონსულისათვის“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
საკონსულო საქმიანობა ორმხრივია და შესაბამისად, საქართველოშიც საქმიანობენ უცხო ქვეყნების მიერ დანიშნული საპატიო კონსულები. მათ „საპატიო კონსულთა ასოციაციის“ სახით ორგანიზაციული სტრუქტურაც აქვთ შემნილი, რომლის ფორმატშიც სხვადასხვა მიმდინარე თუ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცალსახა პოზიციას გამოხატავს უცხო ქვეყნების საპატიო კონსულთა მიმართ, როცა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ აქტივობას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებთან.
„ბანკები და ფინანსებს“ საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა საპატიო კონსულთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ფილიპინების საპატიო გენერალურ კონსულს საქართველოში თემურ ჭიჭინაძეს და საქართველოს საპატიო კონსულს სლოვაკეთში, ნოდარ გიორგაძეს.
თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მიერ დანიშნულ საპატიო კონსულთა მიმართ, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრ დარჩიაშვილის მხრიდან დამოკიდებულება სასიამოვნოდ არის შეცვლილი დადებით კონტექსტში.
როგორც კონსული განმარტავს, და აუცილებლად აღსანიშნია, რომ ურთიეთობები ფაქტობრივად მთლიანად ჩამოიშალა თითქმის 10 წლის წინ, ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მიერ, პირადი აუხსნელი კაპრიზის ფონზე, როცა მოინდომა და უაპელაციოდ მოახდინა უცხო ქვეყნების საპატიო კონსულების, მათი როლის, შესაძლებლობებისა და საქმიანობის სრული იგნორირება. ამან იმდენად სერიოზულად
გაართულა დიპლომატიური საქმიანობა, რომ კორპუსის სრული და უპირობო იგნორირების აღნიშნული პრაქტიკის დანერგვის შემდგომ, გარკევეული ფრაგმენტული მცდელეობების მიუხედავად, ვერა და ვერ ხერხდებოდა დამოკიდებულების საგნობრივად შეცვლა.
„მეტს ამ თემას აღარ განვავრცობ, რამდენადაც უკვე წარსულია. დიახ, იყო ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, მოქმედი მინისტრის და სამინისტროს ხედვები და მიდგომები, აშკარად იმედისმომცემია და ტოვებს განცდას, რომ მომავალში კიდევ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი - უცხო ქვეყნების მიერ წარმოგზავნილი საპატიო კონსულების საქმიანობის შედეგები, როგორც წარმომგზავნი, ისე მიმღები ქვეყნების ურთიერთობაში. საქმე ის არის, რომ საქართველოში აკრედიტებული საპატიო კონსულები, როგორც დიპლომატიური კორპუსიის ჩვეულებრივი წარმომადგენლები, როგორც წესი, ყოველთვის ვიყავით საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით გამართული, პრაქტიკულად, ყველა ღონისძიების მონაწილენი. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კორესპონდეცია იყო მასშტაბური და სამინისტრო მუდამ საქმის კურსში გვაყენებდა დაგეგმილი აქტივობების თაობაზე.
ეს პრაქტიკა უდაოდ გვეხმარებოდა მუშაობაში, ახალი კონტაქტების დამყარებაში, არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში, როგორც ჩვენი მარწმუნებელი ქვეყნების ინფორმირებაში, თუ რა პრიორიტეტები და შესაძლებლობებია საქართველოში, ისე ქართული ბიზნეს და კულტურულ-საგანმანათლებლო წრეების კავშირების გაფართოებაში მარწმუნებელი ქვეყნების შესაბამის წრეებთან.
ეს საუკეთესო პრაქტიკაც წლობით იყო იგნორირებული და უგულებელყოფილი და მხოლოდ ახლა ხერხდება ამ ურთიერთობების სათანადო დონეზე დარეგულირება, - ისე, როგორც ამას შესაბამისი კონვენციები განსაზღვრავს,- ამბობს თემურ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, სწორედ საერთაშორისო კონვენციების თანახმად არის ის, რომ საპატიო საკონსულო, როგორც ასეთი, არ არსებობს! არსებობს საკონსულო, რომელსაც ხელმძღვანელობს როგორც კარიერული ასევე საპატიო კონსული, როგორც ჩვენს შემთხვევაში. კონვენციებით რეგულირდება ისიც, რომ კარიერული და საპატიო კონსულები, უფლებრივი და პრივილეგიების თვალსაზრისით, ძირითადად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. „ეს მოცემულობაც წლების მანძილზე იყო მოშლილი, რაც სერიოზულად გვიშლიდა ხელს მუშაობის პროცესში. კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, გეტყვით,რომ საკუთრივ ფილიპინების საკონსულო საქართველოში, ახორციელებს
სავიზო-საკონსულო მომსახურეობას, როგორც საქართველოს ასევე აზერბეიჯანის მოქალაქეებზე და მხოლოდ 2023 წლის განვლილ 9 თვეში 250-მდე ვიზა გვაქვს გაცემული ფილიპინებში სამოგზაურო თუ საქმიანი ვიზიტებისთვის. თავად განსაჯეთ, მსგავსი დატვირთვის პირობებში, რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა სათანადო დიპლომატიურ არხთან და შესაძლებლობასთან წვდომა“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ სადღეისოდ, საქართველოში აკრედიტებული საპატიო კონსულები, როგორც პერსონალურ რეჟიმში, ასევე ასოციაციის ფორმატით, მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და აქვთ იმედი, რომ ვენის კონვენციით განსაზღვრული შესაბამისი პრივილეგიები მათთვის კვლავ სრულად დაიშვება, რათა მაქსიმალურად შეძლონ საპატიო კონსულების პოტენციალის ამოქმედება. ეს დააახლოებს ქვეყნებს, ხელს შეუწყობს ახალი ბაზრების გახსნას, ბიზნეს-სექტორების ერთმანეთისთვის გაცნობას და მოიტანს კიდევ ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს.
საქართველოს საპატიო კონსულმა სლოვაკეთში, ნოდარ გიორგაძემ, ჩვენთან საუბარში იმ პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მაგალითად, მის მიმღებ ქვეყანაში, სლოვაკეთშია დანერგილი საპატიო კონსულთა მიმართ.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მას ღრმად სწამს, რომ ზოგადად, საპატიო კონსულების საქმიანობის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული სამოღვაწეო ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყების მათდამი დამოკიდებულებაზე. რამდენად სერიოზულად, რამდენად პერსპექტიულად უყურებს და აფასებს ის საპატიო კონსულების შესაძლებლობებს.
მისი თქმით, იგივე სლოვაკეთის მაგალითზე, უნდა აღინიშნოს, რომ საპატიო კონსულებს აქვთ კლუბი, სადაც შეხვედრები არის კარგად ორგანიზებული და დროში გაწერილი.
„საშუალოდ თვეში ერთხელ ვიკრიბებით სლოვაკეთში სხვადასხვა ქვეყნის საპატიო კონსულები და ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს, შთაბეჭდილებებს, ვსაუბრობთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. ამ შეკრებებზე, როგორც წესი, ვიწვევთ ხოლმე სხვადასხვა მიმართულებების მინისტრებს, საგარეო უწყების ხელმძღვანელებს. თუ მინისტრი ვერ ახერხებს შეხვედრაზე დასწრებას, მაღალი რანგის მისი წარმომადგენელი, მოადგილე იქნება, თუ დეპარტამენტის თავკაცი, აუცილებლად გვსტუმრობს. ისინი სიამოვნებით მონაწილეობენ ურთიერთობის ამ ფორმატში.
უნდა ითქვას, რომ ჩვენს ყველა შეხვედრაში მონაწილეობს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელი. ანუ, უწყება მუდმივად კონტაქტშია, საქმის კურსშია ჩვენი, საპატიო კონსულების, საქმიანობისა და საჭიროებების თაობაზე“, - აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ.
„მე ასე ვხედავ, რომ საპატიო კონსულის ინსტიტუტი არის იდეალური საშუალება საიმისოდ, რომ ორი ქვეყანა, შენი წარმგზავნელი და შენი სამოღვაწეო, ერთმანეთს დაახლოვო, შეაყვარო და მათ შორის, საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების და გაღრმავების საშუალება მისცე.
ეს რომ მოახერხო, მხოლოდ გარკვეული ფინანსური პოტენციალი არ არის საკმარისი. საჭიროა ურთიერთობები, ცოდნა, გამოცდილება, პროტოკოლის კარგად ფლობა და რაც მთავარია დიპლომატიაში - სტაბილურობა - სტაბილურობის დაცვა ურთიერთობებში.
აუცილებელია, ეს ურთიერთობები გააზრებული იყოს გარკვეულ დინამიკაში, საჭიროა მისვლა-მოსვლის ორგანიზება, სტუმრობების ორგანიზება, სხვადასხვა პროფესიული და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის შენი წარმგზავნი ქვეყნის მთელი რიგი ღირსშესანიშნაობების და შესაძლებლობების ადგილზე გაცნობის ორგანიზება და პირიქით, - მიმღები ქვეყნის პოტენციალის გაცნობა შენი მარწმუნებელი ქვეყნისთვის.
საერთოდ და ზოგადად, ეს ძალიან საამაყო საქმეა, როცა საშუალება გეძლევა ქვეყანა ქვეყანასთან დააკავშირო და ამ პროცესში არ ხარ შეზღუდული გარკვეული დიპლომატიური არტახებით. სწორედ ამით განსხვავდება საპატიო კონსულების ინსტიტუტი კარიერული დიპლომატიისგან. კერძოდ, აქ დიდი დოზითაა შესაძლებელი სახალხო დიპლომატიის ელემენტების გამოყენება, ურთიერთობებში გარკვეული ჯანსაღი სენტიმენტების შეტანა, ურთიერთობების ამით გამდიდრება და ძალიან კარგ შედეგებზე გასვლა. საამისოდ, ამ სფეროში, ისე როგორც ყველა სფეროში, აუცილებელია ერთობლივი მუშაობის საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბება, წარმატებაზე ორიენტირება და თანმიმდევრული საქმიანობა“, - განმარტა ჩვენთან საუბარში საქართევლოს საპატიო კონსულმა სლოვაკეთში, ნოდარ გიორგაძემ.