საზოგადოება
27/06/2022

სანქცირებული ტვირთით დატვირთული გემი ბათუმის პორტს ტოვებს - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტით დატვირთული გემი ბათუმის პორტს ტოვებს. საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 
 
მათი თქმით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე წლის 26 ივნისს შევიდა. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
 
რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, კანონმდებლობის სრული დაცვით საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე.
 
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.
 
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში",- აღნიშნულია განცხადებაში.