საზოგადოება
16/03/2022

სამინისტრო: საკმარისი მარაგებია, სამომხმარებლო ბაზარი სტაბილურად მარაგდება პურით

ქვეყანაში, სამომხმარებლო ბაზარი სტაბილურად მარაგდება პურით, ასევე შეუფერხებლად მუშაობენ წისქვილები და არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით არ გვექნება, - საწარმოებში არსებული ფქვილის მარაგების და სამომხმარებლო ბაზარზე პურის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პურპროდუქტების მწარმოებლებთან განიხილა.

„არსებობს საკმარისი მარაგები, რათა უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ქვეყანა პურით. თითოეული მწარმოებელი აქტიურად მუშაობს იმპორტიორებთან, აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლების თქმით, საცხობებში მუდმივად არსებობს ფქვილის 14-20 დღის მარაგი, რაც ბაზარზე პურის სტაბილურ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს.

როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ლარსის საბაჟო პუნქტზე, დიდთოვლობის გამო, გარკვეული შეფერხება იყო ხორბლისა და ფქვილის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა დღეისათვის ეს პრობლემაც გადაჭრილია.

"ლარსიდან ტვირთების შემოტანა უკვე განახლდა, შესაბამისად, ხორბლისა და ფქვილის მარაგების შევსების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. პურის წარმოება და მიწოდება შეუფერხებლად განხორციელდება. დიდი წარმოებები ფქვილის მარაგებით უზრუნველყოფილი არიან. არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ინტენსიურად ვაწვდით“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, წისქვილკომბინატებში არსებული ფქვილის მარაგები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისობაშია.

რელიზში ნათქვამია, რომ სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში გრძელვადიანი მარაგების მხრივაც. ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა და ფქვილისა და ხორბლის შემოტანა შეუფერხებლად ხორციელდება.