საზოგადოება
23/12/2020

"სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს, რომ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს"

კახა კალაძე დათმობას არ აპირებს. უკანონოდ მიტაცებულ მიწებზე აშენებული შენობების დემონტაჟზე თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"დაუშვებელია, სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს", - განაცხადა მერმა.  

მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ იმ მოქალაქეების დასახმარებლადაა მიმართული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

„თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონება მიტაცებისგან და შემდეგ, მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან დავიცვათ. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა ადამიანების გაჭირვებით გავამართლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს ამ მიმართულებით, 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებით, მაგრამ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება, კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ. თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ და დარჩნენ სახლის გარეშე, დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა. ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მლნ ლარი იხარჯება, რომ მსგავს ოჯახებს დავეხმაროთ, ქირით გავიყვანოთ და ქუჩაში არ დარჩნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, უკანონოდ მიტაცემული მიწების მოკვლევის შედეგებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბევრ მათგანს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში, არაერთი საცხოვრებელი სახლი აქვს.