სახელმწიფო აუდიტის სამსახური: მედიის ზედამხედველობა ჩვენ მანდატს სცილდება
საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების რეგულირება და მათთვის საჯარიმო ქვითრების გამოწერა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალება, - კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საუბარია საარჩევნო კოდექსის მუხლებზე, რომლითაც აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით.
მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ცვლილებას ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომლის შეფასებითაც მედიის ზედამხედველობა მათ მანდატს სცილდება. ამასთან ერთად აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მედიას კომუნიკაციების კომისიის სახით ისედაც ჰყავს მარეგულირებელი.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების მართვას. ჩვენი მანდატია საჯარო მმართველობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, აქედან გამომდინარე მედიის, მათ შორის, არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საშუალებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშგების დავალდებულება გაუმართლებელია. ამავე მიზეზით, არამართებულია მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირების ფუნქციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მინიჭება. ამასთანავე, მედიის საქმიანობის რეგულირების და კონტროლის მანდატის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მინიჭება მიზანშეუწონელია იმ თვალსაზრისითაც, რომ უკვე არსებობს სფეროს მარეგულირებელი და მაკონტროლებელი - საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახით. ამდენად, მედიაში გასული პოლიტიკური საარჩევნო რეკლამის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის უკეთ რეგულირების გზით," - ამბობენ აუდიტის სამსახურში.