საზოგადოება
28/11/2020

საქართველოში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

დღეიდან ქვეყანაში ახალი, გამკაცრებული შეზღუდვები ამოქმედდა.საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ორი დღის წინ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

28 ნოემბერი-31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი”);
  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბერი-2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი-31 იანვარი – ქვეყნის მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას
  • და სხვ.
  • არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.