საქართველოში ავტომობილების თითქმის მეოთხედის ასაკი 30 წელს აღემატება
საქართველოში 1 537 600 ავტომობილია რეგისტრირებული. მათგან 14% 10 წლამდე ასაკისაა, 30.3% - 10-დან 20 წლამდე ასაკის, 32.2% - 20-დან 30 წლამდე ასაკის, ხოლო 23% - 30 წლის და მეტი ასაკის.
2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნულ პროგრამის (რომელიც მთავრობის 7 სექტემბრის განკარგულებით დამტკიცდა) მიხედვით, ავტოტრანსპორტზე აზოტის ოქსიდების მთლიანი გაფრქვევების 43% მოდის.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს ავტოპარკის დიდი ასაკისა და ტექნიკურად გაუმართაობის გამო, ავტომობილებში წვის პროცესი შესაბამისი ხარისხით ვერ მიმდინარეობს, რაც აზოტის ოქსიდების გაზრდილ ემისიას იწვევს.
მთავრობის მიერ დადგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო ნაკადების უდიდესი ნაწილის კონცენტრაცია მსხვილ ურბანულ სივრცეებში ხდება, რაც ზრდის მსგავს დასახლებულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების დონეს. მაგადლითად ქ. თბილისში „აქტიური“ სტატუსით რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების 34.2%.
დამაიმედებელ ფაქტორად კი დოკუმენტში დასახელებულია უფრო ახალგაზრდა და უფრო სუფთა ავტომობილებზე (ჰიბრიდები და ელექტრომობილები) მოთხოვნის მზარდი ტენდენცია. კერძოდ, თუ 2015 წელს იმპორტირებულ ავტომობილებში ჰიბრიდების წილი 1.4%-ს შეადგენდა, 2021 წლისთვის ეს რიცხვი 19%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ელექტრონულ ავტომობილებს, 2016 წლამდე ქვეყანაში მხოლოდ 71 ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო, 2021 წლისთვის კი მათი რაოდენობა 2400-ს აღემატება. 2021 წლის მდგომარეობით ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წილმა ასს-ების საერთო რაოდენობის 6.7% შეადგინა.