საზოგადოება
26/01/2022

საქართველოში 2021 წელს თურქეთიდან $46.5 მლნ-ის მედიკამენტი შემოვიდა

2021 წელს საქართველოში თურქეთიდან $46.5 მილიონის 500-მდე ტონა მედიკამენტი შემოვიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" მოწოდებული მონაცემების თანახმად, ეს მაჩვენებლები 2020 წლის მონაცემებისგან მცირედით განსხვავდება. 2020 წელს მეზობელი ქვეყნიდან იმპორტირებული წამლების ღირებულება $45.9 მილიონი იყო. მოცულობა კი - 528.4 ტონა. 

თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტიორთა 2020-2021 წლის სიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. გასულ წელს 2020-ის სიის პირველ ოცეულს "ბი ეს ეფ ექსპო", "ფიფ კომპანია", "დამედა", "აქტივ ფარმი", Novator Pharma და "ფარმ ტრანზიტი" გამოეთიშნენ. 

2021 წლის TOP-20 იმპორტიორთა სია კი ასე გამოიყურება: 

შპს "მერმისი"

სს გეფა

შპს პსპ ფარმა

შპს გლობალფარმი

შპს ჰელიოს ფარმა

შპს იმპექსფარმი

შპს ჯი-ემ-პი

შპს ავერსი-ფარმა

შპს ველფარ ჯეო

შპს აგენტა ფარმა

შპს Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია

შპს "ფარმანეტი"

შპს WORLD MEDICINE

შპს კორდექსი

შპს იუნაითედ კომპანი

შპს მედექსპორტი

შპს ველფარ ინთერნეიშენალ

შპს ზი ფორთრეს გრუფ ქომფანი

შპს ინფარმ

შპს მონომ

შეგახსენებთ, რომ საქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ბაზარი სულ რამდენიმე დღის წინ გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივას ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებს უკავშირებს.

თურქეთში რიგ მედიკამენტებზე ფასები საქართველოსგან განსხვავებით მნიშვნელოვნად დაბალია.

პრემიერმა 24 იანვარს იმპორტიორებს თურქული მედიკამენტების ბაზარზე დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ნოემბერში კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევა გამოქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილი არიან ქსელური აფთიაქებით (ჰორიზონტალური ინტეგრაცია), თავად ახორციელებენ პროდუქტის იმპორტს, წარმოებას და საბითუმო მიწოდებას (ვერტიკალური ინტეგრაცია), ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს. სააგენტომ კონკრეტული რეკომენდაციებიც წარადგინა, რაც ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რეგულაციების სიმცირით და მაღალი კონცენტრირებულობით გამოირჩევა.

ბაზრის გახსნამდე საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია აღნიშნავდა, რომ თურქეთის ბაზარი არასდროს ყოფილა დაკეტილი საქართველოსთვის, უბრალოდ ახლა საუბარია თურქეთის "პარალელური იმპორტის" სიაში შეყვანაზე, რომ მედიკამენტების დარეგისტრირება და იმპორტი გამარტივდეს.