საზოგადოება
02/06/2022

საქართველოს მოქალაქეების EU-ში ლეგალურად დასასაქმებლად მოლაპარაკებები გრძელდება

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ლეგალური დასაქმების მიზნით მოლაპარაკებებს აგრძელებს. 

ცირკულარული მიგრაციის პროექტების შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საშუალებას ქმნის. 

როგორც ანგარიშში წერია, "საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ" გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისათვის.

მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი, რომლის თანახმად, იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება.  

დამატებით, 2021 წლის 30 ნოემბერს, ხელი მოეწერა "ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ" შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში.

ქართული მხარის მიერ, ევროპის 9 ქვეყანაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, განსახილველად გაიგზავნა შეთანხმების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ". საუბარია შემდეგ ქვეყნებზე - პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია, საბერძნეთი. 

გარდა ამისა, გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5 000 ადამიანისათვის. 2021 წლის განმავლობაში შეირჩა და დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით − 132 მოქალაქე.

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2 076 მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. ლატარიის ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021
წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ − განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, "გერიატრიული ასისტენტი", რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000
მოქალაქეს.