საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით არსებული ახალი რეალობები და პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა და ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, ევროკავშირთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით.
შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კომისიის ფარგლებში მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდება, რომლებიც ევროკავშირისგან მიღებული კითხვარების აღსრულების მიმართულებით თემატურად იმუშავებენ. ამასთან, გააქტიურდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ რეჟიმში დიალოგის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია.
პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს პარლამენტი, რათა საკანონმდებლო მიმართულებით ნაბიჯები ეფექტიანად გადაიდგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციას, რათა ერთის მხრივ საქართველოს მოსახლეობა დეტალურად იყოს ინფორმირებული ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებამ ზუსტად იცოეს საქართველოს როლი და ფუნქცია, რით არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის.
კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ უმთავრეს ორგანოს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.