საზოგადოება
15/10/2020

საქართველო ინტერნეტ-თავისუფლების გლობალურ რეიტინგში მე-7 ადგილზე დაწინაურდა

ინტერნეტ თავისუფლებისა და ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ საქართველო დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია.

საქართველო 76 ქულით სრულად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს ისეთ წამყვან და განვითარებულ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ავსტრალია, აშშ და იტალია, ხოლო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა იაპონია, არგენტინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი.

Freedom House-ს ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთი ქულა მოემატა, რის შედეგადაც სამი ადგილით დაწინაურდა და გლობალურ სარეიტინგო სიაში მე-10-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

Freedom House-ის ანგარიშში, საქართველო წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, ანგარიშში საუბარია კომუნიკაციების კომისიის მიერ მომხმარებლებისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.sheamotsme.ge რომელიც მომხმარებელს ინტერნეტის ხარისხის შემოწმების შესაძლებლობას 24 საათის განმავლობაში აძლევს.

ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას და სფეროში არსებულ ტენდენციებს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მზარდია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და 2020 მაისის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 921 000 შეადგინა, რაც 137 000-ით მეტია გასულ ორ წელიწადთან შედარებით. მომხმარებელთა მზარდ ტენდენციასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ იზრდება მომსახურების ხარისხი, როგორც ფიქსირებულ ისე მობილურ ინტერნეტზე.

Freedom House-ს ანგარიშში ასევე საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების ხუთწლიან სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბებაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების მიზნით, ქვეყნის მიერ წარდგენილი სტრატეგია ითვალისწინებს ბაზარზე კონკურენციის სტიმულირებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ციფრული უნარების განვითარებას. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 3G და 4G სერვისები ფართოდ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. აქვე აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელი უნდა ფარავდეს ქვეყნის ტერიტორიის 99 პროცენტს, ხოლო 5G სერვისის პილოტირება ქვეყანას დაწყებული უნდა ჰქონდეს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიამ დაამტკიცა 5G განვითარების სტრატეგია და 2020 წლიდან აუქციონს გამოაცხადებს.

Freedom House-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს არ დაუწესებია რაიმე შეზღუდვა, მათ შორის ხარისხობრივი კუთხით ინტერნეტის შესახებ და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჰქონდეს თავისუფალი წვდომა ყველა ინტერნეტ პლატფორმასა და კომუნიკაციაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს მცირე და საშუალო ზომის ოპერატორების საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულებას უსაზღვრავს. Freedom House-ს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და მომხმარებელს მკვეთრად შემცირებულ ტარიფებს მოუტანს.