საზოგადოება
02/05/2022

საქართველო ევროკომისიას კითხვარის პირველ ნაწილს დღეს გადასცემს

საქართველომ ევროკავშირის გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი უკვე შეავსო, რომელიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნაწილს ეხება. 
 
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შევსებულ დოკუმენტს ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს დღეს გადასცემს. 
 
მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს დოკუმენტის მეორე ნაწილზე, რომელიც ევროკავშირს 13 მაისამდე გადაეცემა. 
 
"მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით 2 300 კითხვა არის მოცემული და 33 თავისგან შედგება მეორე ნაწილი ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით, ამიტომ ამ მეორე ნაწილს ჩვენ 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს",- აღნიშნა პრემიერმა.
 
ინფორმაციისთვის, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით კითხვარი 11 აპრილს ჩაიბარა. 

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა.  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა.