საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - 26 მაისის პროგრამა
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულია ღონისძიებების განრიგი, რეგიონების მიხედვით.
თბილისში, დილიდან თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ფიცი მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დაიდება.
მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა.
გარდა ამისა, ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიული ინსტალაცია, ავიაციის კოსტუმების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება.
გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.
შეგახსენებთმ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.