საზოგადოება
01/03/2021

საქართველო Covax-ისგან განმარტებებს ითხოვს

ჯანდაცვის სამინისტრო Covax-ის პლატფორმისგან განმარტებებს ელოდება. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაცის, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაგვიანება ქართული მხარის შეფერხებით არის გამოწვეული.

კერძოდ, "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა Covax-ის წარმომადგენლების პასუხი კითხვაზე, რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინის პირველი დოზების შემოტანა. "ინტერპრესნიუსის" მიხედვით, კითხვაზე პასუხად Covax-ში ამბობენ, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებიც მოთხოვნილ კრიტერიუმებს სრულად შეესაბამებოდნენ.

"დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ნახევარი საათის წინ მივმართეთ Covax-ს და ვთხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი მედიასაშუალებით. 22 თებერვლის წერილში, რომელიც Covax-ისგან გვაქვს მიღებული, გადავადების მიზეზი ცალსახად არის მითითებული Pfizer-ის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას. ქვეყნის მზაობა სრულ შესაბამისობაშია იმ კრიტერიუმებთან, რომელიც დაისვა Pfizer-ის ულტრა ცივი ჯაჭვის ვაქცინის მისაღებად",- აღნიშნა ჯანდავის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.