საგანმანათლებლო დებატები კლიმატის ცვლილებაზე
25 ნოემბერს, 12:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი) დაიწყო დებატების ეროვნული ტურნირი საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და UNDP-ის მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხს შეეხება.
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში არსებული დებატების კლუბების წევრებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიარეს სხვადასხვა თემები, რომლებიც მსოფლიოში გლობალურად შექმნილ პრობლემას - კლიმატის ცვლილებას ეხება და სიღრმისეულად შეისწავლეს საკითხი დარგის ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად.
პროექტი მოიცავს გადამზადების ინტენსიურ კურსს, დებატების ტურნირს, რეგიონალურ და ნაციონალურ კონკურსებს, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც დებატების 60 კლუბის 500-ზე მეტი მოსწავლე, ასევე დებატკლუბების ხელმძღვანელები.
ქვეყნის მასშტაბით, დებატკლუბები უკვე ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი (GIDE), საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (IDEA) ოფიციალური წევრია, რომელიც მრავალი წელია ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს და ხელს უწყობს მათი აზროვნების ფორმირებას.