საზოგადოება
18/01/2021

საერთაშორისო კვლევითი ცენტრები BTU-სთან პარტნიორობით, ციფრულ ეკონომიკაში კვლევებს განახორციელებენ

ციფრული ეკონომიკა საქართველოში და რეგიონში, მისი განვითარების მოდელები - BTU-ს კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი კვლევების სერია, საერთაშორისო პარტნიორ ცენტრებთან და სამეცნიერო ინსტიტუციებთან ერთად წარიმართება.

ვაშინგტონში მდებარე მაკროეკონომიკისა და განვითარების კვლევითი ცენტრი, კანადის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური კვლევების ცენტრი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი,  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და სხვა მაღალრეიტინგული კვლევითი ცენტრები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებთან პარტნიორობით, ინიციატივა 5.0-ს ფარგლებში მიმდინარე ციფრული ეკონომიკის კვლევებში ერთვებიან.

თანამშრომლობის დაწყებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დასრულდა წამყვან ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და დარგობრივ ორგანიზაციებთან. კვლევები 2021 წლის განმავლობაში ჩატარდება და წლის ბოლოს, ერთიანი ანგარიშის სახით გამოქვეყნდება.

ამ ეტაპზე კვლევების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში თანამშრომლობა შედგა შემდეგ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან:

  • მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია);
  • ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია);
  • ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ);
  • ჰენლის ბიზნესის სკოლა (დიდი ბრიტანეთი);
  • კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა);
  • ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი);
  • გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი);
  • ბრუკინგსის კვლევითი ინსტიტუტი (აშშ);
  • კანადის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური კვლევების ცენტრი;
  • ვაშინგტონში მდებარე მაკროეკონომიკისა და განვითარების კვლევითი ცენტრი;
  • ისრაელის კვლევითი ცენტრები.

ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით, კვლევები დაფარავს შემდეგ სექტორებს: მწვანე ტექნოლოგიები და განახლებადი ენერგია, ციფრული აბრეშუმის გზა, გლობალური პანდემიის მართვა ციფრული ტექნოლოგიებით, ფემტექი, ფინტექი, აგრიტექი, განათლების ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.