სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კოვიდპაციენტების მართვაში არ მონაწილეობენ
სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში ამ ეტაპზე არ მონაწილეობენ. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსთან დაწყებულია თანამშრომლობა, რათა ეპიდემიის მართვაში სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც ჩაერთონ.
კერძოდ, ხეჩინაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებმა შეადგინეს ოჯახის ექიმების სიები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ აღნიშნულ ოჯახის ექიმებს ჯანდაცვის სამინისტრო გადაამზადებს და მომავალში, კოვიდ-19-ის დადასტურებული ან სიმპტომებიანი პაციენტების მართვაში, 112-ის საშუალებით ისინიც ჩაერთვებიან. „საუბარი მიმდინარეობს მოდელზე, როდესაც 112-ზე დარეკვის შემდეგ მოქალაქეს მისი სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმთან გადაამისამართებენ. შესაძლოა ეს არ იყოს კონკრეტული ექიმი, თუმცა ეს იქნება იმ სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმი, სადაც მოქალაქეა დაზღვეული. ეს მოდელი სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ინფიცირებულთა მართვაში ჩართული ექიმების რაოდენობა და, შესაბამისად, მომსახურების ხარისხი გააუმჯობესოს,“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
თუმცა კონკრეტულ დროს, თუ როდის მოხდება სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ჩართვა აღნიშნულ პროცესში და რამდენი ექიმი გადამზადდება სხვადასხვა კომპანიიდან, სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ამ ეტპზე ვერ ასახელებს.