საარჩევნო აგიტაცია-კამპანია არ იზღუდება, ღამის კლუბები კი ღია სივრცეებშიც იკრძალება
პრემიერმა პანდემიურ პერიოდში რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილებაზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამდენადაც მისი თქმით, ეს ღონისძიებები ვერ შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.
პრემიერის თქმით, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო პირველ ოქტომბერს, პირველ ნოემბრამდე გადაიდება.
„დღეიდან 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, ღია ცის ქვეშ. დახურულ შენობებში, დღეის მდგომარეობით, ისედაც აკრძალულია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ღია ცის ქვეშ იკრძალება 200 ადამიანზე მეტი. რიტუალური ღონისძიებები - სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ
პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც.
„დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.