საზოგადოება
25/12/2020

საახალწლო ღონისძიებებში ხელოვანებისა და მუსიკოსების ჩასართავად თბილისის მერია ₾400 000-ს მიიღებს

 საახალწლო ღონისძიებებში კულტურის მოღვაწეებისა და მუსიკოსების ჩასართავად თბილისის მერიას 400 000 ლარი გამოეყოფა.

გადაწყვეტილება უწყებათშორის კომისიის სხდომაზე მიიღეს.

"პანდემიამდე მუსიკოსები და კულტურის მოღვაწეები ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო და საკონცერტო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა ქვეყნის მასშტაბით. ახლა ისინი მოკლებულები არიან ასეთ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვები კრძალავს რესტორნების ფუნქციონირებას. ასევე მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებს საახალწლო საკონცერტო ღონისძიებების გამართვა. შესაბამისად, თბილისის მერიას გამოეყოფა ასიგნება 400 000 ლარი, რათა მათ ჩართონ საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსები, ვინც ამ შესაძლებლობას მოკლებულია“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც ძალიან დაეხმარება კულტურის მოღვაწეებს.