საზოგადოება
27/10/2023

რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება - ბიუჯეტი ₾21 მლნ-ია

რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება. 
 
პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 21 მილიონ ლარამდეა. 
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი.
 
სპორტკომპლექსში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ, - კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები უკვე მოეწყო. შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სივრცის: გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა. 
 
მუნიციპალური ფონდის  ინფორმაციით, იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივაც გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
Businesspartner