საზოგადოება
15/08/2023

რუსთავში ჭალის ტყის აღდგენა იწყება

რუსთავში ჭალის ტყის აღდგენა იწყება.

ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერების საკითხები პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ შვიდი ძირითადი კომპონენტიდან, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება მე-2 კომპონენტია, რომლის ერთ-ერთი მიზანი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რუსთავის ჭალის ტყის მართვა-განვითარებაა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგია და გეგმა შემუშავდა, რომელიც უნიკალური ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებას და კონსერვაციას გულისხმობს.

"რუსთავის ჭალის ტყეების გამორჩეული ეკოსისტემის მდგრადი მართვა, წინაპირობაა ბიომრავალფეროვნების აღდგენის, ქალაქის მოსახლეობის სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული სივრცეებით უზრუნველსაყოფად", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ჭალის ტყე, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებშია მოქცეული, მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, ჭალის ტყეს სერიოზული ზიანი მიადგა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, შემუშავდა რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომელიც ჭალის ტყის განვითარების დეტალურ გეგმას მოიცავს", - აღნიშნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

Businesspartner