რუსთაველებს ხვალიდან ევრო-5 სტანდარტის 22, ახალი ავტობუსი მოემსახურება
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავს 83 მგზავრზე გათვლილი, ევრო-5 სტანდარტის 22 ახალი ავტობუსი გადასცა და უკვე ხვალიდან ქალაქის მოსახლეობას 18 ახალი ავტობუსი მოემსახურება.
ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ქალაქი დამატებით 18 ახალ ავტობუსს უახლოეს მომავალში მიიღებს.
ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ურბანული ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს 60.