როგორი იქნება ჩოგბურთის ყოფილი კორტები - მერიამ განვითარების კონცეფცია წარადგინა
როგორი იქნება ჩოგბურტის ყოფილი კორტები - თბილისის მერმა კახა კალაძემ განვითარების კონცეფცია წარადგინა.
კონცეფციის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა სამი საჩოგბურთო კორტი, მათგან ორი დახურული და ერთი - ღია; 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები.
„ეს ტერიტორია, სადაც წლების წინ იყო კორტები, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, 2009 წელს გასხვისდა, კორპუსების მშენებლობის მიზნით, წინა ხელისუფლების პირობებში. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. ინვესტორ კომპანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა მუნიციპალიტეტს. ამის შემდეგ გამოვაცხადეთ აუქციონი კონკრეტული ვალდებულებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა კორტების პროექტი საცურაო აუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ასევე, ქალაქისთვის. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ კორტების პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სხდომაზე ტერიტორიის სამომავალო განვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა. კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ განახორციელოს 5 მილიონი ლარის ინვესტიცია.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანია "კორტები" 2021 წლის 17 ნოემბერსაა დარეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი დავით კოპაძეა.