როგორ უნდა მოიქცეთ თუ მიწის ნაკვეთის ზონის სტატუსი გაუარესდა - მერიის განმარტება
თბილისის მერი კახა კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენერალური გეგმის ფარგლებში, ზონის სტატუსი გაუუარესდა.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს.
„2019 წელს მივიღეთ გენერალური გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. ამ დოკუმენტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომელიც გენგეგმაზე მუშაობდა, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ ქალაქს სწორი ურბანული განვითარების გეგმა ჰქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელსაც მანამდე სხვა ზონა ჰქონდა, ანუ მესაკუთრეს 2019 წლამდე ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განეხორციელებინა, თუმცა ახალი გენგეგმის ფარგლებში, რომელიც ქალაქის პრიორიტეტებიდან გამოვიდა, ზონა შეიცვალა - თუ გუშინ დაშვებული იყო მშენებლობა, მოხდა ზონის ცვლილება და ზოგიერთ ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა, ზოგს - ლანდშაფტური, ზოგს სატყეო და ასე შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრეების ინტერესებს, ისე, რომ ქალაქის ინტერესები და ურბანული განვითარების ეს ქსოვილი არ დავარღვიოთ. მგონი არავის გვსიამოვნებს ის, თუ როგორ ქაოტურად განვითარდა ქალაქი ბოლო წლების განმავლობაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.