როგორ სრულდება თამბაქოს შესახებ კანონი - მონიტორინგის შედეგები
ამკრძალავი სტიკერების გამოუყენებლობა, კაფის დახურულ სივრცეში სიგარეტის ან ჩილიმის მოწევის ფაქტები - ასეთია მონიტორინგის შედეგები, რომელიც თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ჩაატარა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს მოხმარების კანონის გაძლიერების მიზნით, ყოველთვიური მონიტორინგს ატარებს. მაისის შედეგები მიხედვით, თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება შეფასდა სხვადასხვა ტიპის 600 (192 თბილისში, 408 - რეგიონებში) დაწესებულებაში (გეგმიური 410), სადაც მოწევა კანონით აკრძალულია.
მონიტორინგი ჩატარდა სამედიცინო, საჯარო, სახელმწიფო, საგანამანათლებლო, სამასპინძლო და საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულებებში.
სამწუხაროდ, დაწესებულებების ნაწილი კვლავაც არ ცნობს მოწევის ამკრძალავი სტიკერების შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში განთავსების აუცილებლობას.
მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები შესასვლელ კარზე გაკრულია დაწესებულებების 64,0%-ში.
მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები შენობის შიგნით, გაკრულია დაწესებულებების 54,5%-ში.
დარღვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საჯარო (71,1%) და სამედიცინო დაწესებულებებში (56,6%).
მაისის თვეში, კაფე-ბარებსა და მსგავს დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევის გამო, 112-ს მობილური აპლიკაციით უმეტესად თბილისიდან და მარნეულიდან მიმართეს. ძირითადად, ფიქსირდება კაფეში სიგარეტის ან ჩილიმის მოწევის, ან ჩილიმის დახურულ სივრცეში გამოფენის ფაქტები.
მონიტორინგის ფარგლებში ასევე შემოწმდა სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების რეალიზაციის წესების დარღვევის ფაქტები. კვლავ ფიქსირდება სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსებაც.
"ამჯერადაც, ხილულად განთავსების მაჩვენებელი მეტწილად განპირობებულია ქუჩისა და ბაზრობების დახლების ხარჯზე, სადაც სიგარეტი ხილულადაა განთავსებული, მაგრამ რეაგირება კვლავაც გართულებულია, რადგან სცილდება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საზღვრებს და ეხება გარე ვაჭრობაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რომლებიც ეფექტურად ვერ ახორციელებენ ასეთი სახის დარღვევების აღკვეთას.
მცირე რაოდენობით, მაგრამ დაფიქსირდა სავაჭრო ობიექტის გარედან თამბაქოს პროდუქტების ხილვადობის ფაქტებიც (შემოწმებული დაწესებულებების 7,8%-ში). აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დარღვევების უმეტესობა მოდის ბაზრობებსა და ქუჩაში განთავსებულ დახლებზე, რაც ართულებს მათზე რეაგირებას.
აღსანიშნავია სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამის ფაქტები. მეტწილად ეს შეეხება თუთუნის რეკლამას. ასეთი შემთხვევები საკმაოდ მცირეა და დაფიქსირდა შემოწმებულ დაწესებულებათა 2,2%-ში. სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები დაფიქსირდა შემოწმებული ობიექტების 0,2%-ში", - ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის გავრცელებულ რელიზში.