საზოგადოება
24/09/2020

რას გულისხმობს კლინიკური მკურნალობის ახალი სქემა - პრემიერის განმარტება

ქვეყანაში კლინიკური მართვის ახალი სქემა მოქმედებს. დეტალებზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"იმ საერთო გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა ვირუსის მართვის ნაწილში, კლინიკური მართვის ამ ეტაპზე გარკვეული ცვლილებებია შეტანილი და სხვადასხვა ეტაპის მკურნალობა გახდა საჭირო, ეს არის როგორც ბინაზე მკურნალობა, ასევე კოვიდ-სასტუმროებში და მძიმე შემთხვევების, რა თქმა უნდა, სტაციონარში მკურნალობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, კლინიკური მკურნალობის ახალი სქემა, რომელიც მომზადდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, მძიმე შემთხვევების, მათ შორის, რისკ-ჯგუფების, ქრონიკული დაავადებების მქონე, ან 65-წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების ერთმნიშვნელოვნად სტაციონარში მკურნალობას, კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობას შედარებით მსუბუქი შემთხვევების, რომელთაც არ სჭირდებათ 24-საათიანი სამედიცინო დახმარება და საერთოდ მსუბუქი, ან უსიმპტომო შემთხვევების სახლში მკურნალობას ითვალისწინებს.

პრემიერი ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა კლინიკური მკურნალობის ახალი სქემაზე გადამზადებულია.

„კლინიკური მკურნალობის მოქმედების ახალი სქემა უკვე ამოქმედებულია აჭარაში და ეფექტურად მუშაობს. საერთოდ, კლინიკური მართვის მიმართულებით სრულ მენეჯმენტს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო და ისინი საკმაოდ ეფექტურად აკეთებენ ამას ქვეყნის მასშტაბით. ეს კარგად გამოჩნდა აჭარაშიც,“- განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, თუმცა ქვეყანა კარგად გაუმკლავდა გამოწვევას.

"არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ელემენტარული წესების დაცვით, პირბადით, დისტანციით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო პროცესი,“- განაცხადა პრემიერმა.