რას გულისხმობს ქართველ მეცნიერთა გამოგონებების კომერციალიზაციის ხელშეწყობა - დეტალები
ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP), რომელიც 2019 წლიდან მიმდინარეობს, რაც ქართველ მეცნიერებს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე შექმნილი გამოგონებებს კომერციალიზაციაში ეხმარება.
საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მარეგულირებელი შესაბამისი მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად ქართველ მეცნიერებს, ქართულ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში შემუშავებული სამეცნიერო გამოგონებების კომერციალიზაციის უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ.
დადგენილებაში დეტალურად განისაზღვრა ტექნოლოგიების გადაცემის წესი და ამ პროცესში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს როლი.
დადგენილების თანახმად, ტექნოლოგიების გადაცემა არის ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის მექანიზმი, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელისგან სხვა პირზე მთლიანად ან ნაწილობრივ გადადის მისი გამოყენება-დანერგვის უფლება მისგან კომერციული სარგებლის მიღების მიზნით. ტექნოლოგიის გადაცემა შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
ა) ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის გამოცხადება და აპლიკაციების მიღება;
ბ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის შეფასება ადგილობრივი ან/და უცხოელი ექსპერტების მიერ, მათ შორის, პატენტუნარიანობის შემოწმება (საპატენტო ძიება);
გ) ადგილობრივი ან/და უცხოელი ექსპერტების მიერ კომერციალიზაციის გეგმის შემუშავება და კომერციალიზაციის შესაბამისი მზაობის მქონე პროექტების შერჩევა და დამტკიცება სააგენტოს მიერ;
დ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორის მიერ სააგენტოსთვის კერძო ლიცენზიის (ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური) ან კომერციალიზაციის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება;
ე) სააგენტოს მიერ, ტექნოლოგიების გადაცემის პროექტების ავტორების მონაწილეობით, კომერციალიზაციის გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება;
ვ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტების კომერციალიზაცია.
როგორც უკვე აღინიშნა, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის განხორცილება 2019 წლის აპრილში დაიწყო და განაცხადების მიღება ხდებოდა შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის შემდეგ ელფოტაზე: tech-transfer@gita.gov.ge წარდგენის გზით.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" სააგენტოში განუცხადეს, წარდგენილი პროექტები ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდა ინტელექტუალური საკუთრების, ტექნოლოგიური და ბიზნესის კუთხით. მათი დეტალური შესწავლის შედეგად, მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სააგენტომ 9 პროექტი შეარჩია კომერციალიზაციისთვის და თითოეულ მათგანზე შემუშავდა კომერციალიზაციის გეგმა.
კომერციალიზაციის გეგმა გულისხმობს შესაბამისი აქტივობების გაწერას, რომლებიც მიმართულია პროექტის ტექნოლოგიური, ბიზნესისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით დახვეწისკენ. კომერციალიზაციის გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება ზრდის პროექტის მზაობას კომერციალიზაციისთვის და ამის შედეგად ის უფრო საინტერესო ხდება პოტენციური ინდუსტიული პარტნიორისთვის შეთავაზებლად.
ამ ეტაპზე სააგენტო შერჩეულ პროექტებზე სწორედ კომერციალიზაციის გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს ახორციელებს, და ამასთან, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ცდილობს თითოეულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით მოიძიოს პოტენციური ინდუსტრიული პარტნიორები. რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა Airbus, Naval Group, MMC და სხვა.
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომერციალიზაცია შეიძლება განხორციელდეს შემდეგი გზით:
ა) კომერციალიზაციის ხელშეკრულების დადება ინვესტორთან, რაც გულისხმობს გამოგონების/სასარგებლო მოდელის პატენტზე ლიცენზიის გაცემას ან პატენტის გაყიდვას (განსაკუთრებული უფლებების გადაცემას), ინვესტორის მხრიდან შესაბამისი როიალტის ან ნასყიდობის ფასის გადახდის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში ტექნოლოგიების გადაცემის მომსახურების სანაცვლოდ სააგენტოს მიერ მისაღები საფასური შეადგენს როიალტის ან ნასყიდობის ფასიდან არაუმეტეს 10%-ს.
ბ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორ(ებ)ის მიერ ახალი კომპანიის დაფუძნება, ტექნოლოგიების გადაცემის პროექტით გათვალისწინებული ტექნოლოგიის/ინოვაციის სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენების მიზნით. ამ შემთხვევაში ტექნოლოგიების გადაცემის მომსახურების სანაცვლოდ სააგენტოს მიერ მისაღები საფასური შეადგენს კომპანიის წლიური შემოსავლიდან 5%-ს, არაუმეტეს 7 წლის განმავლობაში.