საზოგადოება
18/02/2021

რა მოეთხოვება და როგორი უნდა იყოს ახალი პრემიერი - ვიქტორ ყიფიანის შეფასება

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ისურვებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტია "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ პრემიერად, არამედ ის იყოს საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი.

ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ არ ეგულება ადამიანი, რომელიც ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში  ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარმატებას არ უსურვებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანაბრად მოეთხოვება პარალელურ რეჟიმში როგორც ტაქტიკური, ისე სტრატეგიული საკითხების გადაჭრის უნარი. ამის აუცილებლობას კარნახობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ არსებული ვითარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლეემების გადაჭრის კვალდაკვალ, ქვეყანამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგდოს ესოდენ აუცილებელი პოლიტიკური ცვლილებების ტემპი, ისევე როგორც განუხრელად მისდიოს ევროატლანტიკური ინტეგრირების კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსს. დღის წესრიგში ასეთი მრავალმხრივობა და კომპლექსურობა პრემიერისგან, როგორც პოლიტიკური ლიდერისგან, სახელმწიფო მართვის განსაკუთრებულ ცოდნასა და კომპეტენციას მოითხოვს; ხოლო, საზოგადოებრივი აზრის მრავალფეროვნების ფონზე კი, ასევე, ითხოვს განსხვავებული შეხედულებების მოსმენას, მათ მიმღებლობას და სწორი ანალიზის შედეგად რაციონალურ გადაწყვეტილების მიღებაზე საკუთარი გუნდის დაყოლიებას და საზოგადოების დარწმუნებას.

ერთი სიტყვით, ჩემი მოლოდინია, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი პრემიერ - მინისტრი, ასევე საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი და ქვეყნის მტკიცე ლიდერი" - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დღეს დილით გააკეთა. "ქართულმა ოცნებამ" ახალ კანდიდატურად დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ ეტაპზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდეც იკავებდა.

Businesspartner