რა დარღვევებია და როგორ სრულდება თამბაქოს შესახებ კანონი
საქართველოში უკვე 4 წელია თამბაქოს შესახებ ახალი კანონი მოქმედებს. როგორ სრულდება კანონი და არის თუ არა ჯერ კიდევ დარღვევები - მონიტორინგი თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ჩაატარა. შედეგებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ დაბალია და მოქალაქეების უმრავლესობა ერიდება მოწევის წესის დარღვევის ფაქტზე სამართალდამცველების გამოძახებას.
მარტში წინასწარ დამტკიცებული სქემისა და კითხვარების საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 600 (გეგმიური 410) დაწესებულება (სამედიცინო, საჯარო / სახელმწიფო საგანმანათლებლო, სამასპინძლო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები, კაფე-რესტორანი - კინო-თეატრი -სასტუმრო - სილამაზის სალონი) შემოწმდა.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონაცემებით, სოციალური თავშეყრის დახურულ სივრცეში, თბილისში, მარნეულში, ხარაგაულში, ბორჯომსა და სენაკში მოწევის წესის დარღვევის საფუძველზე პოლიციამ დამრღვევები დააჯარიმა. დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის კანონის დარღვევით გამოყენების ფაქტები. ხარაგაულში, სიგარეტს ეწეოდნენ ერთ-ერთი პარტიის ოფისში. სენაკში კი, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში მოსაწევი ადგილი ეზოს ნაცვლად, მეორე სართულის აივანზე ჰქონდათ.
არასამთავრობო როგანიზაციის მონაცემებით, შიდა სივრცეში, თამბაქოს პროდუქტები ხილულად გამოფენილი ჰქონდა შემოწმებული სავაჭრო ობიექტების (310) 20,8%-ს (თებერვალში 18,1%). მაჩვენებელი მომატებულია ქუჩისა და ბაზრობების დახლების ხარჯზე, სადაც სიგარეტი ხილულად იყიდება, მაგრამ რეაგირება გართულებულია, რადგან სცილდება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საზღვრებს, გარე ვაჭრობაზე პასუხისმგებელი ორგანოები კი მსგავსი დარღვევების აღკვეთას ეფექტურად ვერ ახერხებენ.
ასევე ფიქსირდება თამბაქოს ნაწარმის გარედან ხილვადობის ფაქტებიც, შემოწმებული დაწესებულებების (310) 8,3%-ში (თებერვალში - 8,6%). დარღვევების უმეტესობა ამ შემთხვევაშიც ბაზრობებსა და ქუჩაში განთავსებულ დახლებზე მოდის.
გვხვდება სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამის ფაქტებიც. მეტწილად ეხება თუთუნის რეკლამას. შემთხვევები საკმაოდ მცირე, მაგრამ საგულისხმოა და შემოწმებულ დაწესებულებათა 2,7%-ში აღინიშნება.
სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები დაფიქსირდა შემოწმებული ობიექტების 0,8%-ში.
2022 წლის პირველი იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალში სადაც მოწევა აიკრძალა, დაემატა ტაქსი. ჯანმოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით თბილისში 308 ტაქსი შემოწმდა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დარღვევები, რომელთა შესახებ 112-ის მობილური აპლიკაციით სამართლდამცველებს ეცნობათ.