პროგრამების მართვა თვალის და თავის მოძრაობით - შშმ პირებს დასაქმებაში ინოვაციური ტექნოლოგიები დაეხმარება
საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები ექმნებათ.
ამაში მათ პროექტი „დამხმარე ტექნოლოგიები შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ დაეხმარება, რომელიც 27 ივნისიდან ასოციაცია „ანიკამ“ დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებს ინოვაციური, საქართველოსთვის სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ტრენინგებს უტარებენ.
ტრენინგები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას დუბაიდან მოწვეული,„ქონსორთ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, საერთაშორისო ტრენერი ქამილ მათა ატარებს.
მაგალითად, მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის გათვალისწინებულია დიდი შრიფტის მქონე სპეციალური კლავიატურის გამოყენება, ადამიანებს, რომლებსაც ხელების მოძრაობა და საუბარი აქვთ შეზღუდული, ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას აძლევს, კომპიუტერული პროგრამები თავის მოძრაობით, მაუსისთვის სულის შებერვით, ასევე თვალის მოძრაობით და სხვა მეთოდებით მართონ.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ასოციაცია „ანიკას“ მიერ დაწყებული პროექტი 6-თვიანია. პროექტის მიზანია შშმ პირების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში 3 თვიანი სტაჟირების პერიოდში, რომელიც პარტნიორ ბიზნეს კომპანიებში განხორციელდება, უზრუნველყოფილი იქნება დამხმარე ტექნოლოგიების მორგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 პირისთვის მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. მოგვიანებით პროექტში ჩართული შშმ პირების რაოდენობის ზრდა იგეგმება.
ასოციაცია „ანიკა“ დაარსდა 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ და მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.