საზოგადოება
11/05/2022

პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე, პროფესიული განათლების სიახლეები განიხილეს

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესების გაცნობას, განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების მიმოხილვას.

ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ლევან ვეფხვაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.

საბჭოს წევრებს ონლაინ რეჟიმში მიესალმა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი, რომელმაც სააგენტოს როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა.

თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სააგენტოს გუნდების ლიდერებმა კი, პრეზენტაციები წარადგინეს ისეთი მნიშვნელოვანი თემებისა და საკითხების შესახებ როგორიცაა, პარტნიორობის და კვალიფიკაციების განვითარება, ინსტიტუციური განვითარება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების აუცილებლობა, სტრატეგიული კომუნიკაციისა და პროფესიული განათლების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი და სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები, ამჩამის (AmCham), დამსაქმებელთა ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) წარმომადგენლები.

 

შეხვედრის ბოლოს, განხილული თემების გარშემო დისკუსია გაიმართა. პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ცალკეული უწყების პროფილის კონტექსტში, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარებაა საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც შრომის ბაზართან დაახლოებას და ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

პროფესიული განათლების სისტემის ინოვაციური მართვის ახალი მოდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ საუკეთესო პრაქტიკადაა აღიარებული. პროფესიული განათლების რეფორმის ახალ ეტაპზე, მართვის უნიკალური მოდელი ქმნის თანასწორ თანამშრომლობით შესაძლებლობებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში, რაც უნარების განვითარებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სხვა საფეხურზე გადაიყვანს.

სააგენტოს უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპით, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გაერთიანებებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭო მონაწილეობას იღებს სააგენტოს პოლიტიკის განსაზღვრასა და მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის სააგენტოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებაში.