საზოგადოება
24/10/2023

"პროფესიული განათლების ელექტრონული სწავლების ახალი პორტალი წლის ბოლომდე გამოყენებაში ჩაეშვება"

"პროფესიული განათლების ელექტრონული სწავლების ახალი პორტალი თითქმის მზადაა და წლის ბოლომდე გამოყენებაში ჩაეშვება,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" პროფესიული უნარების სააგენტოს ინოვაციური სწავლების ოფიცერმა, მაგდა მამალაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პორტალის მიზანი პროფესიულ განათლებაში ელექტრონული სწავლების შესაძლებლობისა და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაა, მათ შორის თვითმართვადი თუ ჰიბრიდული კურსების შექმნა. პლატფორმაზე განთავსებულ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა კი, მასწავლებლებსა და სტუდენტებს ექნებათ.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტესტირების პროცესი, რაშიც მასწავლებლებიც აქტიურად არიან ჩართული. პლატფორმა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი გავზარდოთ.

რესურსების მისაღებად, მარტივი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ყველა ეტაპზე, პორტალზე ქართულ ენაზე გახმოვანებული ვიდეო ინსტრუქციები აქვს დართული, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო ამარტივებს,"-აცხადებს მამალაძე.

როგორც პროფესიული უნარების სააგენტოს ინოვაციური სწავლების ოფიცერი განმარტავს, პლატფორმაზე განთავსებული იქნება როგორც საჯარო კურსები, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება და ასევე დახურული ჯგუფები, რომელიც შეიძლება კონკრეტულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ თავისი სტუდენტებისთვის შექმნას.