საზოგადოება
08/06/2023

პროფესიული განათლება სკოლებში "აგრესიულად" უნდა შევიდეს - განათლების მინისტრის გეგმები

"ვგეგმავთ, რომ პროფესიული განათლება აგრესიულად შევიტანოთ და ჩავაშენოთ სკოლებში ამ სიტყვის კარგი გაგებით,"- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შრომის ბაზარზე უამრავი ვაკანსიაა და ახლაც რომ შევიდეთ სხვადასხვა პორტალზე, ამას ვნახავთ, თუმცა პროფესიული განათლება ვერ აგენერირებს საჭირო რაოდენობის და კვალიფიკაციის ადამიანურ კაპიტალს. მინისტრის განმარტებით, სწორედ აქაა საკვანძო პრობლემა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.

„მე-10, მე-12 კლასის საფეხურზე, ბავშვებს უნდა შევთავაზოთ გარკვეული პროფესიული ორიენტაციის მიმართულებები, კურსები, პროფესიები, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თავიანთ ინტერესებში და განსაზღვრონ თავიანთი მომავალი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების კუთხით“, – აღნიშნა ამილახვარმა.

მისი თქმით, ახალი ხედვის თანახმად, პროფესიულმა განათლებამ მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას და დაფუძნებული უნდა იყოს ცალკეული რეგიონების საჭიროებებზე, იმაზე, თუ  რა პროფესიის კადრი სჭირდება მას.

„კონცეფცია-მონახაზი თითქმის უკვე ბოლოსკენ გადის და ძალიან მალე საზოგადოებას საჯარო პრეზენტაციით შევთავაზებთ მოქნილ და ეფექტურ კონცეფციას. ჩვენ გვინდა, პროფესიული განათლების ფორმირების თავშივე, ეს პროგრამა იქნება თუ კოლეჯი, ჩართული იყოს დამსაქმებელი, რომელიც შემდგომ სახელმწიფოსთან, ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებას, რაც ნიშნავს თითქმის 100%-იან დასაქმების მაჩვენებელს“, – განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრის განცხადებით, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ, საქართველოში გვაქვს  რამდენიმე ძალიან კარგი მოდელი, სადაც სახელმწიფო და დამსაქმებელი ერთად ახორციელებს ამ პროექტს და დასაქმების მაჩვენებელი თითქმის 100%-ია.

„ჩვენ ძალიან მალე საზოგადოებას, კერძო სექტორს, დამსაქმებელს შევთავაზებთ ასეთი თანამშრომლობის ძალიან ეფექტურ მექანიზმს“, – განაცხადა ამილახვარმა.

Businesspartner