პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2022 წლის მიღებისთვის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ადგილების უპრეცედენტო რაოდენობაა გამოცხადებულია. მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები, 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, 17 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შემუშავდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში. ამდენად, ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხავს.
აღნიშნული მიდგომა გაზრდის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში, ასევე ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.
აპლიკანტთა ჩარიცხვის პროცესში გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მექანიზმები, რაც, პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტთა შერჩევა-შეფასების მიმართულებით გაცილებით მოქნილ მიდგომებს ითვალისწინებს.
რეგისტრაცია ითვალისწინებს, ასევე სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით, სხვადასხვა სექტორში პროფესიული პროგრამების შეთავაზებას, მათ შორის ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, სტუმარ-მასპინძლობა....
მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით, საქართველოში ფორმალური პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია განსხვავებული საჭიროებებისა და შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც აღენიშნებათ სმენის, მხედველობის, ქცევითი და ემოციური, ინტელექტუალური, ფიზიკური ან/და სწავლის სირთულეები. პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ყველა პროგრამა, რომელზეც გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის არსებობს სპეციალური ტიპის, პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესის მორგებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, პირადი ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, ორიენტაცია-მობილობის სპეციალისტის მომსახურებას და სხვა საჭირო მხარდაჭერას.
ასევე, მნიშვნელოვანია რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირისთვის, შესაძლებელია პროგრამის პრაქტიკული მოსინჯვა, რაც გულისხმობს აპლიკანტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებში, მის მიერ დარეგისტრირებული პროფესიული პროგრამების ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ გამოცდას და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მისთვის საუკეთესო პროფესიული არჩევანის გაკეთებას.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევა 24 აგვისტოს დაიწყება და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.