პრეზიდენტი: ევროკავშირისგან კითხვარის გადმოცემას უკრაინის ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირისგან კითხვარის გადმოცემას ქვეყანა ყველაზე მეტად უკრაინის ბრძოლას უნდა უმადლოდეს.
სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის პროცესში ყველა პოლიტიკურ, თუ სამოქალაქო ჯგიფს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ეროვნული ინტერესი, რომელსაც ქვეყანა თავს მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში გაართმევს.
"დღეს ევროკავშირისგან მივიღეთ ის კითხვარი, რომელსაც რამდენიმე წელი არ ველოდებოდით. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკომისიას, ევროსაბჭოს. მაგრამ კიდევ უფრო მეტად ამას უნდა ვუმადლოდეთ უკრაინასა და უკრაინის ბრძოლას. რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ეს დღე ასე სწრაფად არ დადგებოდა. ევროკავშირმა ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს გადმოეცა ეს კითხვარი. ეს არ არის მხოლოდ კითხვარი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი დღეს ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. ჩვენ დღეს ან შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ამისთვის უნდა მობილიზდეს ყველა ძალა. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის ძალისხმევით. ეს არის ეროვნული საქმე და ეროვნული ინტერესი. ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმის ირგვლივ, რომელზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ, არ ვიყოთ გაერთიანებულები.
ეს კითხვარი ეხება საქართველოს. როგორ არის ქვეყანა და რა პრობლემები, ან მიღწევები არსებობს. არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული და მას საქართველოს მომავალი არ აინტერესებს. ყველას მოგიწოდებთ, რომ ამ მიზნის ირგვლივ გავერთიანდეთ",- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.
"ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
ეს არის ლოგიკური და ევროკაშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.