"პრემიერმა პოსტი შუა კრიზისში დატოვა, ეს მის კრიზისმენეჯმენტის შეფასებასაც ართულებს"
„ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება არის კრიტიკულ მდგომარეობაში, ამიტომ ახალი მთავრობა ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იქნება,“ - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი.
როგორც გიორგი ხიშტოვანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, გამოწვევები ბევრია და ეხება თითქმის ყველა სექტორს ქვეყანაში, შესაბამისად ახალი პრემიერი უნდა იყოს ძლიერი ფიგურა, რომელსაც ექნება თავისი ხედვა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახალი პრემიერის ხედვა არ იყოს ძალიან განსხვავებული წინა მთავრობის ხელმძღვანელის ხედვისგან, რათა ქვეყანაში უკვე დაწყებული პროცესების ბოლომდე მიყვანა მოხერხდეს.
„2021 წელი იქნება ძალიან მძიმე წელი. არსებობს მაღალი რისკი, რომ ვერ მოხერხდეს ვაქცინაციის პოროცესის დასრულება, შესაბამიად დღის წესრიგში იქნება კვლავ ახალი შეზღუდვები, რაც თავისთავად ისევ შეუშლის ხელს ეკონომიკას ბიზნესსაქმიანობაში. იქნება რთული წელი და ეს მოითხოვს მინიმუმ დაწყებული ინიციატივების თანმიმდევრულად გაგრძელებას,“ - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი ყოფილი პრემიერის ეკონომიკურ პოლიტიკასაც აფასებს და ამბობს, რომ გიორგი გახარიას პერიოდი დიდწილად კორონა კრიზისს დაემთხვა, რაც შეფასებების გაკეთებას ართულებს. თუმცა, სანამ ქვეყანა კრიზისში აღმოჩნდებოდა, გიორგი ხიშტოვანის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა იყო გაგრძელება წინა მთავრობების პოლიტიკის, ორიენტირებული მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ენერგეტიკის განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.
„როდესაც პრემიერი გახარია საუბრობდა მის მიზნებზე, ის საუბრობდა უფრო საჯარო სამსახურის და მთავრობის ეფექტიანობის გაზრდაზე და არა ახალ ინიციატივებზე. შესაბამისად, ასეთი ერთმნიშვნელოვანი ეკონომიკური პოლიტიკის ხედვა მე არ ჩამომიყალიბდა. უფრო ეს იყო მიდგომა მენჯერის, რომელიც თვლიდა, რომ პროცესები უნდა გახდეს უფრო ეფექტიანი, მთავრობა უნდა გახდეს ეფექტიანი. “ - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
გიორგი ხიშტოვანის თქმით, ვინაიდან პრემიერმა პოსტი შუა კრიზისში დატოვა, ეს ყოფილი პრემიერის კრიზისის მენეჯმენტის შეფასებასაც ართულებს.
„ეს იყო დიდწილად პრემიერი, რომელიც ჩემი აზრით ახერხებდა სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება. კრიზისმენეჯმენტის ხარისხს შევაფასებდი როგორც ნორმალურს თუ არა კარგს. რაც შეეხება კონკრეტულ ეკონომიკურ ინიციატვებს, ობიექტურად შეუძლებელი იყო უკანასკნელ წელიწადში რაიმე ახალი ინიციატივების ინიცირება, ვინაიდან კორონა კრიზისს ებრძვის. უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ კრიზისის არ დადგომის შემთხვევაშიც, რაღაც განსაკუთრებული სიახლეები იქნებოდა ეკონომიკური დღის წესრიგის დაცვის კუთხით,“ - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვებაზე განცხადება დღეს დილით გააკეთა.
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად უკვე დაასახელა ირაკლი ღარიბაშვილი.