საზოგადოება
18/02/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: მოწოდებული ვართ, მოსახლეობას სწრაფად მოვუგვაროთ პრობლემები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევა არსებობს, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მალე აღდგება წესრიგი და მოსახლეობის პრობლემებიც მოგვარდება.

„ჩვენთვის, ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე.

ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და რა თქმა უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის, ჩვენ ყველა მოწოდებული ვართ, რომ სწრაფად მოგვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია  იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება.ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. 

Businesspartner