პრემიერი: ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.
დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.
"გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა", - ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის გავრცელებულ რელიზში.