საზოგადოება
05/05/2022

პრემიერი: უკრაინელების დასახმარებლად დამატებით $7 მლნ-ს გამოვყოფთ

რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დასახმარებლად 7 მლნ დოლარია გამოყოფილი. წლის ბოლომდე დამატებით 7 მლნ დოლარი კიდევ გამოიყოფა. 
 
პრემიერის განცხადებით, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის. გაგზავნილია 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება. 
 
"ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს.
 
გარდა ამისა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალაქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას. უკრაინის საფოსტო ოპერატორის (Ukrposhta) თანახმად, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.
 
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ემუქრება. ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას", - განაცხადა პრემიერმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.