საზოგადოება
27/05/2022

პრემიერი უკრაინაზე: კიდევ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას?!

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდამჭერ ყველა რეზოლუციას შეუერთდა. უშუალოდ რუსეთს კი, სანქციები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ დაუწესა. 

"დამატებით კიდევ რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას, რაც ჩვენ გავაკეთეთ?! გვსაყვედურობენ, თურმე საქართველოს ხელისუფლება უკრაინას არ ეხმარება. ამ დროს საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში. 243 რეზოლუციაზე, განცხადებაზე ვართ მიერთებული. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. პოლიტიკურ დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს. მაგრამ აქვე განვმარტავ, საქართველომ არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ერთადერთი სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. ჩვენ არ გავაკეთებთ არაფერს ისეთს, რაც შეეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. რომ გვიკიჟინებდით, დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები რუსეთს, 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე, ამ ფონზე, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის რა თქმა უნდა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრიანის მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ვიხელმძღვანელებთ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.