საზოგადოება
21/03/2022

პრემიერი: ომი მალე უნდა დასრულდეს, ამისთვის მსოფლიომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის მალე დასასრულებლად მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. 

"კიდევ ერთხელ უნდა დავგმოთ რუსეთის აგრესია უკრაინაში. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მსოფლიომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ სამშობლოში გადმოსვენებას უზრუნველყოფს. 

"მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მინდა ვთქვა, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას ისევ გააგრძელებს.

"ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ. უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო საჭიროა, ჰუმანიტარული დახმარების პროცესი გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამასთან, პრემიერმა არსებული დაძაბულობის ფონზე საქართველოში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. 

"მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, რუსეთ-უკრაინის ომის დროს საპროტესტო აქციები არ გამართულა და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მითუმეტეს ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ვითარებაში კი, როცა სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.