საზოგადოება
08/10/2020

პრემიერი მოქალაქეებს Stop Covid აპლიკაციით აქტიურად სარგებლობისკენ მოუწოდებს

პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.

პრემიერმა ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაცია, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ინფიცირებულთა კონტაქტების სწრაფი დადგენის პროცესში ერთ-ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.