საზოგადოება
16/04/2022
პრემიერი: მიწის სისტემურ რეგისტრაციას ვაჩქარებთ
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაჩქარდება. სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.
"მიწა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი სიმდიდრეა, თუმცა დღემდე ეს პოტენციალი, ეს სიმდიდრე ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული. ამას განაპირობებს ისიც, რომ მკაფიოდ და ცხადად არ არის დადგენილი, თუ რომელი მიწის ნაკვეთებია სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ჩვენი ქვეყნის მიწების, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 1/3 დღემდე არ არის რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება მრავალი ათასი ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულად არ არის რეალიზებული. 1 200 000 ჰა მიწის ნაკვეთი გამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენჯერმე ჩატარდა მიწის რეფორმა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში - არსებითი დარღვევებით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარება. ამიტომ, ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.
პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. ეს მოიცავს 59 მუნიციპალიტეტს, ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს, 4000-ზე მეტ დასახლებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 3 წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ასევე, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები.